თბილისის საჰაერო მოძრაობის მართვის ცენტრი

საჰაერო მოძრაობის მართვა საქართველოს საჰაერო სივრცეში დედაქალაქიდან ხორციელდება. თბილისის საჰაერო მოძრაობის მართვის ცენტრი აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ყველა იმ ტექნოლოგიით, რომელიც აუცილებელია ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. 

საჰაერო მოძრაობის მართვა ცენტრიდან იტალიური კომპანია SELEX სისტემის საშუალებით ხორციელდება. აღნიშნული სისტემა აკმაყოფილებს ICAO-ს რეკომენდაციებსა და EUROCONTROL-ის მოთხოვნებს და უსაფრთხოების დონეს საგრძნობლად ზრდის.

კომპანია "Y.S.L."-თან თანამშრომლობით  თბილისის ტაუერის სტრატეგიული ობიექტები, სხვა რეგიონების მსგავსად, თანამედროვე დაცვის სისტემებითაა აღჭურვილი, რაც სანავიგაციო სისტემის მუდმივ მონიტორინგს უზრუნველყოფს.

გარდა ამისა, თბილისის საჰაერო მოძრაობის მართვის ცენტრისათვის შპს"საქაერონავიგაციამ" იტალიური კომპანია "OTE"-სგან ახალი ციფრული რადიო-სადგური შეისყიდა, რომელიც ავიამეთვალყურესა და საჰაერო ხომალდს შორის  სწრაფ და საიმედო ელექტრონულ კავშირს უზრუნველყოფს.

ამჟამად, მიმდინარეობს მართვის ცენტრის რეკონსტრუქცია. ახალი შენობის პროექტი 2010 წელს შპს „ლებოს“ მიერ შეიქმნა. სამშენებლო სამუშაოებს ღია საერთაშორისო ელექტრონული ტენდერში გამარჯვებული ქართული კომპანია "დაგი" ანხორციელებს და გრაფიკის მიხედვით, 2 წელიწადში დაასრულებს. მართვის განახლებული ცენტრი ახალი, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი სისტემებით აღიჭურვება.

განახლებული საჰაერო მოძრაობის მართვის ცენტრი ხელს შეუწყობს საქაერონავიგაციის ძირითადი საქმიანობის, საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენების უსაფრთხოების კიდევ უფრო მაღალ დონეზე უზრუნველყოფას.

ცენტრის ფუქციაში შევა ძირითადი სისტემის სარეზერვო მოწყობილობაც -  ძირითადი სისტემის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში,  ავიამეთვალყურეებს საშუალება მიეცემათ, გადავიდნენ სარეზერვო სისტემაზე და სრულფასოვნად გააგრძელონ საქმიანობა.

დედაქალაქსა და რეგიონებში შპს "საქაერონავიგაციის" მოღვაწეობის შედეგად საქართველოს საჰაერო სივრცე საერთაშორისო ავიაკომპანიებისათვის უფრო მიმზიდველი გახდა. ფრენების რაოდენობა გაიზარდა და დღეში ოთხასს უახლოვდება.

 

 

Georgian Air Navigation © 2012 Created By Studio Lemon