ევროკონტროლის გენერალური მდივნის არჩევნებში საქართველო პირველად იღებს მონაწილეობას

ევროკონტროლის გენერალური მდივნის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შპს „საქაერონავიგაციას“ ირლანდიელი კანდიდატი, ემონ ბრენანი ეწვია.

ბრენანმა შპს “საქაერონავიგაციაში” თავისი წინასაარჩევნო პრეზენტაცია გამართა, სადაც კომპანიის წარმომადგენლებს ევროპის სამოქალაქო ავიაციის განვითარებისა და ევროკონტროლის მომავალი საქმიანობის მისეული ხედვა და მიზნები გააცნო, ისაუბრა ირლანდიის სამოქალაქო ავიაციის შესახებ. ბრენანმა ვრცლად უპასუხა საქაერონავიგაციის წარმომადგენლების მიერ დასმულ შეკითხვებს და აღნიშნა საქართველოს მნიშვნალოვანი როლი ევროპის საავიაციო ინდუსტრიაში.

გენერალური მდივნობის კანდიდატი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაციას” მისი გამარჯვების შემთხვევაში სამოქალაქო ავიაციის პროექტებისა და ინიციატივების განხორციელებაში სრულ მხარდაჭერას შეპირდა. 

პრეზენტაციის შემდეგ, შპს „საქაერონავიგაციის“ გენერალურმა დირექტორმა, გოჩა მეზვრიშვილმა ბრენანს კომპანიის სიახლეები და სამომავლო გეგმები გააცნო და თბილისის საჰაერო მოძრაობის მართვის ახალი ცენტრი დაათვალიერებინა, რომელიც ამჟამად მშენებლობის საბოლოო ეტაპზეა და რამდენიმე თვეში ოფიციალურად შევა ექსპლუატაციაში.

ევროკონტროლის გენერალური მდივნის არჩევნები 2017 წლის 16 ივნისს გაიმართება, სადაც საქართველო ამომრჩევლის რანგში პირველად მიიღებს მონაწილეობას. გენერალურ მდივანს ევროკონტროლის წევრი სახელმწიფოები 5 წლის ვადით აირჩევენ. 

Georgian Air Navigation © 2012 Created By Studio Lemon