ახალი ამბები

საქაერონავიგაციამ საჰაერო სივრცეში უნებართვო შეღწევების პრევენციის სამუშაო ჯგუფის შეხვედრას უმასპინძლა

შპს „საქაერონავიგაცია“ კონტროლირებად საჰაერო სივრცეში უნებართვო შეღწევების პრევენციის სამუშაო ჯგუფის (Airspace Infringement Task Force)  შეხვედრას მასპინძლობს.

სამუშაო ჯგუფი შექმნილია  EUROCONTROL-ის ფრენების უსაფრთხოების სამსახურის მიერ და წარმოადგენს სპეციალიზებულ პლატფორმას, რომლის მიზანია საჰაერო სივრცის დარღვევებთან დაკავშირებული რისკების ანალიზი და პრევენციული მექანიზმების გაძლიერება.

უნებართვო შეღწევა ნიშნავს შემთხვევას, როდესაც საჰაერო ხომალდი შედის კონტროლირებად ან შეზღუდულ საჰაერო სივრცეში შესაბამისი ნებართვის გარეშე ან ნებართვის პირობების დარღვევით. ასეთი ინციდენტი ზრდის ჰაერში შეჯახების, ფრენების უსაფრთხოების შემცირების და ფრენების შეფერხების რისკს. კონტროლირებად საჰაერო სივრცეში უნებართვო შეღწევა საერთაშორისო დონეზე მიჩნეულია ერთ-ერთ მნიშვნელოვან ოპერაციულ საფრთხედ და წარმოადგენს პრიორიტეტულ მიმართულებას უსაფრთხოების გაუმჯობესების კუთხით.

ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს კონტროლირებადი საჰაერო სივრცის დარღვევის რეალური შემთხვევები, მათ შორის სამოქალაქო, სამხედრო და კერძო ავიაციის მონაწილეობით, აგრეთვე დრონებისა და სხვა უპილოტო საფრენი აპარატების ჩართულობით. სამუშაო შეხვედრის ძირითად მიზანს წარმოადგენდა ევროპის მასშტაბით საჰაერო სივრცეში უნებართვო შეღწევებთან დაკავშირებული გამოწვევების განხილვა, მონაწილე მხარეებს შორის გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და იმ ეფექტური მიდგომების იდენტიფიცირება, რომლებიც უზრუნველყოფს აღნიშნული შემთხვევებით გამოწვეული რისკების მაქსიმალურად შემცირებას.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო EUROCONTROL-ის წევრი 13 ქვეყნის 18 წარმომადგენელმა, ხოლო დამატებით 10  მონაწილე ღონისძიებას დისტანციურ რეჟიმში, ონლაინ ფორმატში შეუერთდა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სექტორში მოქმედი სხვა დაინტერესებული ავიასაწარმოების წარმომადგენლები.