ახალი ამბები

მსოფლიო მეტეოროლოგიის დღე

23 მარტს, მსოფლიო მეტეოროლოგიის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს თარიღი მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) დაარსების დღეს უკავშირდება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაციამ”, სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით, “საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების კლიმატოლოგიური ცნობარის” პრეზენტაცია გამართა. კომპანიის მეტეოროლოგიური სამსახური, რომელიც საქართველოში საავიაციო მეტეოროლოგიური ინფორმაციის პროვაიდერია, აღნიშნულ წიგნს ყოველწლიურად გამოსცემს. მასში მოცემულია თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მეტეოსადგურებზე დაკვირვების შედეგების სტატისტიკური ანალიზი, რაც უმნიშვნელოვანესი ნაწილია უსაფრთხო ფრენების განხორციელების საქმეში.

“მსურს, ჩვენ მეტეოროლოგებს გულითადად მივულოცო პროფესიული დღე. ეს არის მართლაც საპასუხისმგებლო პროფესია, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ფრენების უსაფრთხოებას. მოხარული ვარ, რომ დაინტერესებულ ორგანიზაციებს, სწორედ ამ დღეს წარვუდგინეთ ჩვენი მეტეოსამსახურის მიერ მომზადებული წიგნი “საქართველოს აეროპორტების კლიმატოლოგიური ცნობარი”. წიგნი მსოფლიო მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციამ WMO-მ თავის ოფიციალურ საიტზე ატვირთა, რაც მისი კონტენტის მაღალ ხარისხზე მეტყველებს და ამით ჩვენც ამაყები ვართ. ეს პროექტი არის კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის განვითარების საქმეში,”- განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაციის გენერალურმა დირექტორმა გოჩა მეზვრიშვილმა.

პრეზენტაციას დაესწრნენ შპს საქაერონავიგაციის“ გენერალური დირექტორი გოჩა მეზვრიშვილი, საავიაციო სააგენტოს დირექტორი გურამ ჯალაღონია, შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი ქეთევან ალექსიძე, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის, ილიაუნისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები. ასევე, ავიაკომპანიების, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და გარემოს დაცვის სააგენტოს წარმომადგენლები.

კლიმატოლოგიურ ცნობარში მოცემული ინფორმაცია საავიაციო მიზნებისთვის არის განკუთვნილი, თუმცა ამ ინფორმაციას მომხმარებელთა უფრო ფართო წრე ყავს, რომლებსაც უფლება ეძლევათ, მასალა პროფესიონალური თვალსაზრისით გამოიყენონ.