ახალი ამბები

საქაერონავიგაციამ საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების კლიმატოლოგიური ცნობარი გამოსცა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაციის” მეტეოროლოგიურმა სამსახურმა, გენერალური დირექტორის გოჩა მეზვრიშვილის ინიციატივით, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების კლიმატოლოგიური ცნობარი გამოსცა.

კლიმატოლოგიური ცნობარი „Climatological Summary of Georgian Aerodromes 2010-2016“ ინგლისურ ენაზე გამოიცა და მოიცავს 12 კლიმატოლოგიურ მოდელს. მასში მოცემულია თბილისის (UGTB), ქუთაისისა (UGKO) და ბათუმის (UGSB) საერთაშორისო აეროპორტების მეტეოსადგურებზე 2010-2016 წლების მეტეოროლოგიური დაკვირვების შედეგების სტატისტიკური ანალიზი.

Model A - ხილვადობა ასაფრენ-დასფრენ ზოლზე, ხილვადობა და ღრუბლის სიმაღლე; Model B - ხილვადობა; ყოველთვიური ხილვადობის საშუალო მაჩვენებლები; Model C - ღრუბლის სიმაღლე; Model D - ქარის სიჩქარე და მიმართულება; ქარის დაბერვის სიჩქარე და მიმართულება; ქარის სიჩქარე და მიმართულება სეზონების მიხედვით; ქარის დაბერვის სიჩქარე და მიმართულება სეზონების მიხედვით; Model E - ტემპერატურა; Model F - აბსოლიტური და საშუალო წნევა; Model G - ტემპერატურა, ნამის წერტილი და ტენიანობა; Model H - ამინდის მოვლენები; ამინდის მოვლენები სეზონების მიხედვით; ამინდის მოვლენები (გასაშუალოებული) თვეების მიხედვით; Model I - ყოველთვიური ნალექების და საშუალო ტემპერატურის კორელაცია; MODEL J - წლიური ნალექები; Model K - ექსტრემუმის მნიშვნელობები; Model L - მოსული წლიური ნალექების შედარებითი ცხრილი (სამი აეროდრომისთვის).

“სტატისტიკური მასალის მომზადებას საფუძვლად უდევს ICAO-სა (სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია) და WMO-ს (მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია) რეკომენდაციები საავიაციო კლიმატოლოგიური მასალის დამუშავების შესახებ. მოდელები დაფუძნებულია საავიაციო სააეროდრომო მეტეოროლოგიურ შეტყობინებებზე (Metar-ებზე). თუმცა ამ ნაშრომში ის უფრო დეტალურადაა განხილული და გამდიდრებულია დამატებითი ინფორმაციით, თითოეული მეტეო ელემენტისათვის 50 00-ზე მეტი შემთხვევა დამუშავდა”,- აცხადებს წიგნის ავტორი, შპს „საქაერონავიგაციის“ მეტეოროლოგიური სამსახურის უფროსი, ბადრი ჯიჯელავა.

კლიმატოლოგიურ ცნობარში მოცემული ინფორმაცია განკუთვნილია როგორც საავიაციო მიზნებისთვის, ასევე საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისთვის. ამ ინფორმაციის მომხმარებელთა ფართო წრე უფლებამოსილი იქნება მასალა პროფესიონალური თვალსაზრისით გამოიყენოს.